logo
ENG



"აგროკრედიტით აღებული ₾1 421 000 არამიზნობრივად დახარჯეს" - 14 პირის მიმართ დევნა დაიწყო

18 ოქტ 202310:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/18/ovep1vyqnoucvgt.jpg

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების საქმეზე 14 პირი ამხილეს და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ბრალდებულების მიერ 2019-2022 წლებში, სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან მიღებულ იქნა საერთო ჯამში 1 421 000 ლარის ოდენობის მიზნობრივი აგროკრედიტი, რომლის პროცენტის ძირითადი ნაწილი ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კრედიტები უნდა მოხმარებოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის მრავალწლიანი ნარგავების გაშენებასა და ღვინის საწარმოს ინვენტარის შეძენას", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებმა თანხა არამიზნობრივად, პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით, დაამზადეს ყალბი შესყიდვების აქტი, ასევე, კერძო აუდიტორებმა შეადგინეს დასკვნები კრედიტის თითქოსდა მიზნობრივ გამოყენებაზე.

"აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა ჯამში - 182 854 ლარი, ხოლო საქმეზე ჩატარებული დროული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფოზე დამატებით 293 469 ლარის ზიანის მიყენების შესაძლებლობა. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად", - წერს საგამოძიებო.

გამოძიება სსსკ-ის 208-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

close დახურვა